გიო საჯაია| პოეზია

ღმერთების მტერი

იცი, როგორ ვარ? ქარბუქი რომ თავს დაატყდება
სოფელს და ყველა მიატოვებს. სიცარიელე
ისე იზრდება ამ სოფელში, წლების მანძილზე,
საკუთარ მკერდში რომ ვაშენე, ჩემი მფარველი
სულებისთვის, რომ ცოტა ხანში არათუ სამ-ოთხ
ტყის სულს, არამედ, ზუსტად ვიცი, მთელი სამყაროს
მხეცებს დავიტევ, ჭეშმარიტი შამანივით და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? კატას სარზე რომ წამოაგებ
და უცქერ, როგორ საცოდავად ფართხალებს. უცქერ
და ამაყი ხარ, კმაყოფილი, იმით, რომ ასე
იოლად არ ხარ მისაწვდომი, ასე მარტივად
გასაგები და თავს იმშვიდებ იმით, რომ შეგწევს
ძალა ბრძოლის და ძალა თქმის და ძალა გაქცევის
ბოლოს და ბოლოს – შენს ხელთაა შენი ბედიც და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? დახვრეტილი წიგნის გმირივით,
წლების მერე რომ სხვის წიგნებში ცოცხლდება, კვდება,
ცოცხლდება, კვდება და ერთხელაც ყელში ამოსდის
ეს ყველაფერი. ერთდროულად ყველა წიგნიდან
გარბის და ისე იკარგება, საკუთარ თავსაც
ვეღარ პოულობს სივრცისა და დროის შავ ხვრელში –
“ბაღში, რომელშიც ბილიკები იყრებიან” და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? ასაკიც რომ კარგავს პირვანდელ
მნიშვნელობას და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ყველა
ღირებულება, რაც აქამდე გაგაჩნდა, შენი
წარსულიც, აწმყოც, მომავალიც და არსებობაც,
ზოგადად. იღებ ფურცლის ნაგლეჯს, იღებ კალმისტარს
და წერ, რომ შენი სახელია “საკარიასი”,
მიგაქვს სანთელთან ეს ნაგლეჯი (ფურცლის) და წვავ და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? არაფერი როცა არ ხდება
გარშემო. როცა გასართობად რამეს იგონებ,
ამბავს რომლიც უნდა მოხდეს, ან უკვე მოხდა
და რა თქმა უნდა ტრაგიკულად დასრულდა შენთვის,
ან დასრულდება და მერე ამ გამოგონილი
ტრაგედიების ანჟანბემანს აყოლებ ჩაის
და შიგადაშიგ შაქრის ნატეხს, ან მურაბას და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? როცა შენში თავს იჩენს ნიჭი
მისნობის, ისე ერთფეროვნად გადის ყოველდღე
ერთი ცხოვრების ერთი მთელი ცხრა მეათედი,
ყოველთვის ერთი სადგურიდან, ასევე ერთი
მიმართულებით, ზუსტად იცი ხვალ რა მოხდება:
როგორ პოზაში გაიღვიძებ, სად წახვალ, ან ვინ
შეგხვდება გზად და რა ეცმევა, რას გეტყვის სხვას და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? როცა გინდა რომ ღმერთის გწამდეს
და გულს ვერ უდებ. ვერ პოულობ ადგილს და მიზეზს
დარჩენის, როცა წასვლა გინდა და მაინც რჩები
და ან პირიქით, მიდიხარ და დარჩენა გინდა.
როცა არსებობს რაღაც ძალა, რასაც ეყრდნობი,
ან რაც გეყრდნობა (მაგიაა), გიყვარს, ან მეტიც –
უყვარხარ, ვინმეს და ვერ ამჩნევ, ან არ იმჩნევ და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, რადგან

სოფელში, ერთ დროს სულებისთსის რომ ავაშენე,
ჩემი კეთილი სულებისთვის, საკუთარ მკერდში,
იმდენმა (უფრო სწორად რომ ვთქვა – იმხელა) მხეცმა
დაისადგურა, რომ ადგილი სხვა სულებისთვის
აღარც კი დარჩა და ამიტომ, იცი, როგორ ვარ?
ამ უთავბოლო ვერბლანივით: უშინაარსო,
უცეცხლო, უწყლო, უმიწაო, უჰაერო და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა.

____________________________________________________________________________________

უღელტეხილი, 8 აგვისტო

გვირაბს გამოვცდით, –
შუადღის ხვატი მოემწყვდია ფესვებში ძელქვას, –
შენ თქვი: რთულია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს.
მან თქვა: რთულია, სამშობლოზე რამე დაწერო.
მე ვთქვი: ძნელია, სამშობლოში პოეტი გერქვას.

გზა იყო შორი, დაგრეხილი, როგორც ბაწარი.
ცა იყო ახლო, როგორც ყელთან სატევრის წვერი.
შენ თქვი: ძნელია, სამშობლოზე რამე დაწერო.
მან თქვა: ძნელია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს.
მე ვთქვი: რთულია სიყვარული. და არა – წერა.

” უკეთუ გინდეს შემოდგომად მისდა – უარყავ! ”
ვაშლის დახლები, სხვა დახლები, დახლები ნიყვის…
შენ თქვი: კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ.
მან თქვა: კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ.
მე ვთქვი: კარგია საქართველო… როდესაც გიყვარს.

____________________________________________________________________________________

* * * “მიყვარხარ ასეთი…”

მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე –
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე… და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე –
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია

____________________________________________________________________________________

Heureka

ევრიკა! ღმერთი! – რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი…
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ რა ხანია ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა.

და რახანიავადაგასულ ვენებში, მეჩხერ,
თერთმეტი ათას ხუთას ოცჯერ ნახმარი შპრიცით,
ყოველდღე ათ ხაზ სისხლში აჭრილ რეგოლიტს იჩხერ,
რომ რამდენადმე საკუთარ თავს საშველი მისცე

და ტვინში თითი მიაჭირო ღილაკს – “რესეტი”,
რომ წუთით მაინც დაივიწყო, ყველა ის ბავშვი,
რომელიც მოკლეს… მიაფურთხო: სულელ პრეზიდენტს,
მართლმადიდებელ მშობელთა და ყველა მისთ. კავშირს,

გასასხვისებლად გამზადებულ მაჩაბლის ცამეტს,
დიდი რვიანის, (შვიდიანის, თუ პლიუს-მინუს),
ყველა რიგით და რიგგარეშე სხდომას თუ სამიტს,
ატიპიური ეიჩ ხუთი ენ ერთის ვირუსს

და მასთან ბრძოლის პრევენციულ ზომას – კარანტინს…
ოჯახს, რომელსაც უყვარხარ და ყოველთვის გიგებს,
ოთახს, რომელშიც: ჭერს, იატაკს, კედლებს, კარადებს
სკამებს, მაგიდებს, დანა-ჩანგლებს, თეფშებს და ჭიქებს,

ტელევიზორებს, რადიოებს, ჟურნალ-გაზეთებს,
წიგნებს, რვეულებს, ხელნაწერებს – დედაბუდიან-
ყველაფრიანად, სტაცო ხელი, როგორც ასეთი,
და ჩაუძახო – თავის ფეხით სადაც დადიან!

და ყველაფერი დაიკიდო, გარდა კუსტარულ
წესით ჩაკემსილ ნატყვიარის, სამყაროს ტორსში,
რომელაც თორმეტ კალიბრიან თვალებს უშტერებ
და რომლის იქით არის რაღაც, სახელად – “მორჩა”…

და რა ხანია გაუვიდა შენახვის ვადა
სამყაროს! მეტიც: ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ ღმერთი… ღმერთი – რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი!

____________________________________________________________________________________

* * * წამოდი, გავიქცეთ!

როგორ შეიცვალე, ბებერო თბილისო –
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია.
შენ ახლა სულ სხვა ხარ… ის, ჩემი თილისმა,
შენს ახლად დაგებულ ქუჩებში მარხია.

რამ გაგაბოროტა, რამ გაგასულელა,
რამ დაგაავადა ამ თავის მკვლელობით?!
ამდენი ვირთხა და ამდენი თხუნელა,
რამ გაგაზრდევინა, ასეთ მზრუნველობით?!

ან რამ მოგაწყურა?! ან რამ მოგაშია?!
ან რა დროს ლექსია, ამ შუაღამეში.
რა დროს სიყვარული… ახლა მოდაშია
უნეზეს გრძნობებით სასტიკი თამაში.

დღეს ბარბარობაა… პაემანს გინიშნავ!
მერიის კუთხესთან შეგხვდები, ბებერო,
(ყოველ შემთხვევისთვის თითზე მოინიშნე)
უნდა მოვიდე და უნდა მოგეფერო!

ერთი ნაბიჯია ჩემიდან შენამდე,
თუ ვერარეჩკიდან მოკლეზე გადმოვჭრი –
მზიურში ბავშვობას დავკრეფ და ვერამდე,
ფერად ქაღალდებად გზა და გზა გამოვჭრი.

მერე ზემელია, მერეა მთაწმინდა.
აქ, ამ ეზოებში, ჩიხებში, ქუჩებში,
ვჩხუბობდით, გვიყვარდა, გვათოვდა, გვაწვიმდა
და ლამაზ-ლამაზებს ვკოცნიდით ტუჩებში.

ჩავყვები ბესიკით გრიბოედოვიდან –
სალამი რუსთაველს! (სადღაა ჭადრები)
ტაბიძის კუთხესთან ჩემს დარდებს მოგიტან
და გეტყვი: – ხანდახან როგორ მენატრები…

და მერე პუშკინით და მერე, კონკიდან,
ძველი დროებიდან, ახალ დროებამდე,
მოყევი, როგორ ხარ, ხელი ხელს მომკიდე
და ასე ვიაროთ აბანოებამდე.

მოყევი! მოყევი, როგორ ხარ, თბილისო –
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია.
შენ ახლა სულ სხვა ხარ… ის, ჩემი თილისმა,
ამ ცუდად დანაგებ ქუჩებში მარხია.

შეხედ ამ ვირთხებს, ამ ნაგვის გროვას და
თუ ასე ძნელია სათქმელის მიგნება,
წამოდი, გავიქცეთ! იქნება მოვასწროთ,
მოვასწროთ აქედან გაქცევა, იქნება!

____________________________________________________________________________________

ქარი არის

ქარი არის.
სულ უბრალოდ –
ქარი არის.
ლიხს იქით კი,
ახლა ალბათ
წვიმებია.
ცაზე თეთრმა
ურჩხულებმა
ჩაიარეს
და ფიქრებიც
ამინდივით
მძიმდებიან.

სიგარეტი,
გაბზარული
ჩაის ჭიქა…
ქარმა ღამე
გადაფინა
კანაფებზე.
დამიჯექი,
მოდი გვერდით
დამიჯექი
და დილამდე
ვისაუბროთ
არაფერზე.

____________________________________________________________________________________

ფიკუსები

სულ უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე,
როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი.
ვარ ერთი დარბეული სიმაგრის მეციხოვნე,
საკუთარ მარტოობის დარაჯი უნიათო.

ოთახში (კვადრატული მეტრია ოციოდე),
რომ არა მიმოწერილ ლირიკულ კანტატებით
კედლებზე, შიგადაშიგ, ჩრდილების მოციონი,
საერთოდ, როგორც წესი, დუმილის ანდანტეა.

ძველებურ სავარძელში ძალიან კომფორტულად
ვზივარ და უძილობის ორდენის კავალერი,
წვიმებით ამოჭმული ფანჯრების ოფორტიდან
გადმოსულ ლოკოკინა ღამეებს ვამარილებ

და ვუყრი შესაწოვად ქოთანში მარადმწვანე
ფიკუსებს, ვუხალისებ ნიადაგს ეროზიულ,
რომ ერთად გადავლახოთ როგორმე ფოთოლცვენა,
ასეთი ყვითელი და ასეთი – ციროზივით.

და უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე,
როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი…

____________________________________________________________________________________

თოვლი მაინც იყო

ზამთარს ოთახებში ვაშამათებ,
ბოლთით, სიგარეტით, მოხიტოთი.
თოვლი მაინც იყო, მოხვიდოდი,
თუნდაც აქა-იქ და იშვიათად.
ვაშრობ გიგანტური კროსვორდებით
დროის ინდოეთის ოკეანეს –
ისე გაიწელა ნაკიანი,
როგორც დარღვეული პროსოდია.
თოვლი მაინც იყო… მოხვიდოდი…

____________________________________________________________________________________

მზე ხელისგულზე

(Sun was said to die and be born again)

აქ მზე თავდება! სხვა იტყოდა, თავდება გზაო,
მაგრამ სხვა არ ვარ და ამდენად, მეპატიება –
მე შეიძლება განვაცხადო, რომ უშნო ცაა
და წვიმის ნაცვლად მოვიყვანო სერპანტინები,
ასე, რომ ვამბობ: გზა კი არა, აქ… მზე თავდება!

არადა იყო საკმარისი მზეც და მანანაც…
დროც, როცა ღმერთის არსებობის იმდენად მწამდა,
რომ თავს საოცრად უხერხულად გრძნობდნენ მავანნი
და სახელითა მამისათა ნელ ცეცხლზე მწვავდნენ
იმდენხანს, ვიდრე უღმერთობას არ ვიწამებდი.

მერე კი, მერე ყველაფერი გაიშვიათდა:
ჟანგბადიც, ღმერთიც, უღმერთობაც, მორალიც, დოგმაც,
ბედიც, რომელიც აღარც მახსოვს ავირჩიე თუ
მემკვიდრეობით ალბერტ პ-სგან მივიღე როგორც
უკანასკნელმა საპატიო ალქიმიკოსმა,

რომელიც სიტყვებს ასო-ასო თუ მისხალ-მისახალ
წონის და მათი ღამეების ღუმელში კოქსვით
ხელეწაფება პოეზიად აქციოს ის ხე,
სწორედ ახლა რომ მიასაქმა მეზობლის ტაქსამ,
თაობები კი, ყვავილებით მოიკითხავენ…

და მზეც, რომელიც გულში კი არ, არამედ გულზე
ხელის მენთო და გაილია ნიშნად იმისა,
მარტივად რომ ვთქვა: აქ თავდება! და უფრო რთულად:
აღარც ღმერთია, აღარც ხატი, აღარც სინდისი –
მხოლოდ “სინათლის” უიმედოდ ბნელი ქალაქი.

____________________________________________________________________________________

მე ვცხოვრობ წიგნში

და შენთვის მხოლოდ სიტყვები ვარ, ანუ მაშინაც
არაფერს ვნიშნავ, როცა გინდა რამეს ვნიშნავდე
უმეტესს, ვიდრე სიტყვებია (მე ეს მაშინებს),
მაშინაც, როცა მკითხულობ და “?”-თან

ჩერდები, როგორც შუქნიშანთან და გზას აგრძელებ
დანიშნულების “.”-მდე, ანუ სახლამდე,
“,” დღის მერე და დაღლილი, კითხვას საძილე
აბით ამთავრებ, რომ დილიდან, ისევ ახლიდან

დაიწყო; როცა ცრემლის ლაქად რჩები სარეცელს,
ან როცა თითის ანაბეჭდად რჩები მაგიდას,
ჭიქაზე; როცა ჩვენში დარჩეს, მაგრამ არ იცი,
რა მოუხერხო ამ დარჩენებს ჩვენში – არ გინდა

ფიქრი ამაზე, ან არ გინდა ფიქრი ზოგადად,
გულიდან იგლეჯ, ან პირიქით, გულში ინახავ;
ან როცა ყელში, როგორც ასთმა, როგორც ბრონქიტი,
გიჭერს სული და სასუნთქ გზასაც, უკან დასახევ

გზასავით გიჭრის; ან უბრალოდ, თითზე სათითეს
იკეთებ, ნემსში ძაფს უყრი და ფიქრობ: რას იზამ,
თქვას, რომ ყველაფერს საზღვარი აქვს, თქვას და ატირდეს
ვისთვის ძალიან იოლია, ვისთვის – არც ისე…

და ნაცვლად ცრემლის, სისხლის გუბედ რჩები სარეცელს.
და ჭიქის ნაცვლად, ნამსხვრევები რჩება მაგიდას.
და შეიძლება საშველია, მაგრამ არ გინდა.
და არაფერი შეიცვლება, მაგრამ არ იცი.

____________________________________________________________________________________

რეზიუმე

მოდი, ცხოვრება შევაჯამოთ –
თუმცა, არც ისე ადვილია!
ხორცი, რომელიც შეიჭამა,
სისხლი, რომელიც დაილია,
ფეხი, რომელიც წამოვკარით,
ხელი, რომელიც ჩავიქნიეთ,
გრძნობა, რომელიც ამოვკირეთ,
ეჭვი: “არ გვხსოვს”… “არ გვქნია”…
ყველა მოშლილი პარაპეტი,
ყველა შებღალვა სამარეთა,
და არც ნაკლები და არც მეტი –
მზერა, რომელიც ავარიდეთ…
სიტყვა, რომელიც ვერ დავძარით,
ხმალი, ხელიდან განაგდები,
ყველა საყდარი და ტაძარი,
შეჩვენება და ანათემა.
მიწა, რომელიც მივაყარეთ
ზეცას, დაცემით შესაშური…
ჯვარი, რომელზეც მივაკარით
ღმერთი, სახელად იეშუა.
მამა, რომლიც აღარც ვიცით…
დედა, რომელიც – უანგაროდ!
შვილი, რომელიც გავასხვისეთ,
ცოლი, რომელიც უარვყავით –
სუფთა ფურცელზე ჩამოვწეროთ,
უნდა სულ რაღაც ათი წუთი…
გამოვითვალოთ ქვეშმიწერით
ყველა კუთხე და აზიმუტი,
სადაც ცხოვრებამ გადაგვხარა
(მაინც დარჩება ფარატინად!)
და საუკუნის გასაყარზე,
როგორც მეფე და პალადინი,
შევდგეთ წარსულის შეჯამებით –
თუმცა, არც ისე ადვილია! –
ხორცით, რომელიც შეიჭამა,
სისხლით, რომელიც დაილია…

____________________________________________________________________________________

“ღჯუკენ”

რა გაეწყობა?! აქ ვამთავრებ, ძვირფასო თეა –
მზემ საბოლოოდ გამომწოვა სულიდან სისხლი.
სანაპიროა, შუადღეა, ივლისის თვეა,
ორმოცდარაღაც (ცელსიუსით) გრადუსი სიცხე.

რა გაეწყობა?! მგონი მივხვდი, რას ნიშნავს “ღჯუკენ”…
მზემ საბოლოოდ გამომჭამა სულიდან ხორცი.
ათამდე ვითვლი, მერე ისევ – ათიდან უკან
და სექტემბრამდე აღარაფერს აღარ ვწერ, მორჩა!

რა გაეწყობა?! პოეზია, იქაც და აქაც –
დროებით მაინც არ მიხსენო, ძვირფასო, ლექსი.
სიცხე – გრადუსი (ცელსიუსით) ორმოცდარაღაც,
სანაპიროა, შუადღეა, ივლისის ექვსი.

____________________________________________________________________________________

სასაცილო ხარ

სასაცილო ხარ… ლაპარაკობ გაუთავებლად,
ყველ-არა-ფერზე, გაფუჭებულ რადიოსავით,
არაფერს ტოვებ უთქმელად და გაუტარებლად.
ვილაპარაკოთ – კეთილი და პატიოსანი.

რაზეც გენებოს, დაწყებული სტრატოსფეროდან,
დამთავრებული ნაწილაკით ელემენტარულ,
(ბედი შენი, რომ მე დუმილის დიდოსტატი ვარ
და ვიფარგლები მხოლოდ ენით არავერბალურ…)

ვილაპარაკოთ, მაგრამ კრინტი არ დაძრა ღმერთზე! –
წინაშე შენი სათნოების, ერეტიკული,
მე ანგელოსი ვიქნებოდი, რომ არა ერთი
პატარა ნაკლი – პოეტი ვარ, გენეტიკურად.

____________________________________________________________________________________

ქუჩის მუსიკოსი

მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია…
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია…
მამას იქნებ შია, მაგრამ იცის,
ოჯახს უფრო წაადგება ჭამა
და მშიერი მიაშურებს მიწის-
ქვეშა გადასასვლელს მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია…
გიტარით და გასაშლელი სკამით,
მიდის, ჯდება ჩასასვლელთან მეტროს
და ბრუნდება სახლში გვიან ღამით,
მამა – დიდი მუსიკოსი ერთ დროს.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია…
უკრავს მამა და მადლს ფეხთან უყრის,
ყველა, ვინც კი წამოვა და წავა.
არის ბედის ირონია, უფრო
წამებაა – ამაყია მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია…
ერიდება, მაგრამ რა ჰქნას – უჭირს
(მამას ალბათ სულ სხვა ბედი სურდა)
და პოეტ შვილს, თან მასსავით – ქუჩის,
სახლში პური მიუტანოს უნდა.
მამაჩემი დიდი მუსიკოსია…
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.

____________________________________________________________________________________

განწირული თაობა

გუშინ –
ვერ დაბრუნდა
ბავშვობა ომიდან…

დღეს –
რომ ვერ “გვიხმარეს”,
შემოგვდგნენ წიხლებით…

ხვალ –
ალბათ გამოვალთ
როდესმე კომიდან…

ზეგ –
ჯერ არ მოსული
სიბერით ვიღლებით…

რა გვახსოვს? –
ტვინების ღვრა
თავის ქალიდან…

და
ნატყვიარები
ხერხემლის მალებში…

ვერა,
ვერ ამოხვალ,
შენ, ჩვენი ვალიდან,

ღმერთო…
და ვერასდროს
ჩაგვხედავ თვალებში!

____________________________________________________________________________________

* * * “დაშვრა, როგორც იქნა”

დაშვრა, როგორც იქნა, ღამე ბარბაროსი!
მთვარე ჩაიძირა ნისლთა მდინარეში.
ჰკივის ჭოტი როგორც მოლა მინარეთში –
ალბათ პულსაციას თუ გრძნობს სამყაროსი…

თენდება… და ახლა, მთელ ამ ცისკარეთში,
მე ვარ ერთადერთი, როკვით და ციმ-ციმით,
ნახევარ სიცოცხლის ვინც არის მიმცემი
ფინჯან ყავასა და ერთ ღერ სიგარეტში.

____________________________________________________________________________________

*** “ღამეს ვერცხლის ფარჩა…”

ღამეს ვერცხლის ფარჩა ჩადრად აფარია,
ფიქრი ცეცხლოვანი მერნის ფაფარია,
გასცქერი მთვარის მთებს და მთვარის ვაკეებს
და ცრემლით იშუშებ სიმწრისგან ბაგეებს
დანაკვნეტს… დანაჭამს…

სევდა გეპარება როგორც მორიელი,
მკერდზე გადაშლილი გიდევს მოლიერი,
წევხარ სასთუმალზე და ელი მდუმარი,
როდის შემოგიღებს კარებს ქვის სტუმარი
მაგრამ, ის არა სჩანს…

და ასე ლოდინში გადიან დღეები:
იცვლიან დროდადრო სამოსელს ტყეები,
დღეს, მზიანს, უღრუბლოს, ღამე ცვლის მთოვარი,
შენს სულში იღვიძებს ზოგჯერ მაცხოვარი
და ზოგჯერ – სატანა.

სხეულს კი, შენს სხეულს სიმწიფე აწამებს
და ცრემლი ნიაღვრად გისველებს წამწამებს,
გტანჯავს მარტოობა და გრძნობ, რომ აღარ გსურს,
აღარ სურს აღარც სისხლს, აღარც ხორცს, აღარც სულს
ამ ტანჯვის ატანა.

ღამეს ვერცხლის ფარჩა ჩადრად აფარია,
ფიქრი ცეცხლოვანი მერნის ფაფარია…

____________________________________________________________________________________

* * * “ხანდახან ხდება რომ..”

ხანდახან ხდება, რომ
ტანში გაგაციებს…
წართმევით ფეხების,
არაამქვეყნიურს
მე ვგრძნობ გრადაციებს
დროს, შენთან შეხების.

მზერაში არეკლილ
ტალღების ღელვათა
ჯადოსნურ მანევრით,
მართობ და განმგმირავ,
ზეციურ ელვათა,
მჭრი, ბასრი სატევრით.

მთრგუნავ და მაბრმავებ,
მამუნჯებ სამარის
აღთქმული სიმუნჯით.
მუხლებზე მაჩოქებ
დედოფალ თამარის
დარ თვალთა სილურჯით

და მკლავ და მაცოცხლებ –
ჯვარცმაში ნამყოფთა
წამებით მაწამებ,
უთვალავ კითხვებად
მამრავლებ და მყოფ და
მაკლებ და მაჯამებ…

და ზოგჯერ ხდება, რომ
ტანში გაგაციებს…
წართმევით ფეხების,
არაამქვეყნიურს
მე ვგრძნობ გრადაციებს
დროს, შენთან შეხების.

____________________________________________________________________________________

Johnnie Walker

ნუ გეშინია, ჯონი უოლკერ, დღეს არ დავთვრები,
დღეს უნდა ერთი, უმნიშვნელო, წერტლი დავსვა!
მოდი ჩავკეცოთ, მეგობარო, ერთად კარტები –
ჩვენ ხომ ყოველთვის ვთამაშობდით წესების დაცვით…
ჯანდაბას რაც კი წაგვიგია! ახლა კი – ვწვები!
ბლეფია, ვიცი, გვატყუებენ, ძვირფასო უოლკერ, –
“წითელი ძაღლის” ინსტინქტი მაქვს, – გუმანით ვხვდები,
მთელი ცხოვრება “ოაზისს” და “კარიბულ” პოკერს
ვთამაშობ, მაგრამ… ზოგჯერ დგება წაგების ჯერი…
თავში უხლიათ ეს ქონებაც, ეს არქონებაც,
დაე იცოცხლონ, დაე მოკვდნენ ათას წლის მერე!
ისეთი გარჯით ირჯებიან, რომ გეგონება,
თეორიები ამოიცნეს ობრი დე გრეის…

რა დროს შიშია, რა დროს ძრწოლა და უძრაობა,
როცა გველიან ტიტანები ველზე ფლეგრეის?!
მოვიმიზეზოთ ჯონი უოლკერ, ვთქვათ – უდროობა,
არ დაიჯერო, რომ დროს ვუსწრებთ, რომ ჯერ ადრეა!
მესსაზე სხვაბმა იარონ და… იდაყვზე კბენით
აღსარებისთვის, ტაძრებია და პადრეები…
ჩვენ კი წავიდეთ, ისე როგორც ჯენტლმენებს შვენით,
(და ნუ იდარდებ, არ დავრჩებით ბედთან ვალებში)
პროტესტის ნიშნად ჩავიდინოთ თუნდაც მკვლელობა,
და ღმერთს ჩავხედოთ თავხედური მზერით თვალებში, –
იქნებ როგორმე გაამართლოს მოუცლელობა…
ნუ გეშინია, ჯონი უოლკერ, დღეს არ დავთვრები,
დღეს უნდა ერთი, უმნიშვნელო, წერტლი დავსვა!

____________________________________________________________________________________

დეპრესია

ქარი უმოწყალოდ ნამქერს ალახინებს,
თებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია.
ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს,
დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია.

მზერა უმიზეზო, სუნთქვა ქაოტური,
პულსი ვეღარ ითვლის გული რასაც ფეთქვას…
ისე ეტანება სისხლი აორტიდან
ყელში არტერიებს, ლამის დამიხეთქოს.

არ ვიცი რომელი რიცხვია რომელ თვის,
წლებთან ალალბედზე ვაგორებ კამათლებს.
დროა თვითმკვლელობის! და როგორც ყოველთვის,
სიცოცხლეს უსუსურ მიზეზით ვამართლებ.

სრული სიგიჟეა წასვლა უნაბიჯოდ!
და არის დარჩენა, ჩქარი ნაბიჯებით,
კიდევ არჩევანი და უნდა გავმიჯნოთ
ყოფნა არყოფნისგან, მაგრამ… დამიჯერე,

არ არის საშველი! და ბოლოს დარჩება
ამაოდ დაღვრილი ცრემლი – გალონებით –
და ან გადავრჩებით ან ვერ გადავრჩებით
არაამქვეყნიურ რაღაც კანონებით,

თუ ბედი ბედია! დაორთქლილ ფანჯრებზე
დახატე მაცხოვრის ფერმკრთალი პროფილი
და მუქშინდისფერად შეღებე მაჯებით
ზეცა, ულამაზო და უარყოფილი!

და ქარი… ქარი კი, ნამქერს ალახინებს
თებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია.
ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს,
დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია.

____________________________________________________________________________________

* * * “წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში”

(ფირუზ ბოლქვაძეს)

წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!
მორჩა! მომბეზრდა! დავიღალე ამდენ უნიჭო:
დამრიგებლებით, ზემდგომებით, მეთაურებით…
მდორე სიცოცხლეს მინდა მკერდი გადაუგლიჯო!

რა საერთო აქვს გაგიჟებას ღმერთის ნებასთან?!
ქაფმომდგარ ტალღებს მიველეწოთ მხურვალ ტანებით!
თუ სიკვდილია, დაე მოვკვდეთ უკვდავებასთან
მჭიდრო შეხებით – არა მხოლოდ ხელწატანებით!

ვის რა ხელი აქვს, ვინ რას დაწერს – უკეთ ვინ უფრო?!
ჯანდაბას დაფნა! უსაჩუქრონ ისევ გოეთეს!
ჩევნ ხომ სიცოცხლეც სხვანაირი გვწამს და მით უფრო
სიკვდილი გვხიბლავს სულ სხვაგავრი, ქართველ პოეტებს!

ხომ გვყავდა ქალი ვინც გვიყვარდა თავდავიწყებით?!
ხომ ვწერეთ ლექსი?! (არ გავქრებით ვიცი უკვალოდ!)
და თუ ბედია, იქ დავმთავრდეთ, სადაც ვიწყებით,
ასე ანაზდად, ასე ლაღად, ასე უბრალოდ

წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!

____________________________________________________________________________________

მელაპარაკე

(მაკის)

მელაპარაკე,
ულამაზეს
შენი ნოტებით…
შემომეშველე
ტკივილების
დამიწებაში…
მელაპარაკე,
ვიდრე წავალთ,
განვიტოტებით,
ჩვენ ჩვენი გზებით
სამუდამო
დავიწყებაში…
მელაპარაკე,
ცაზე ნაწერ,
შენი ნოტებით…

____________________________________________________________________________________

ნუ დამიბედებ

დღეს ბედობაა… აუხდენელი ოცნებების,
ნუ დაიბედებ, ცივ ქარტეხილებს…
თვახედობაა, ჩემი მხრიდან, შენთან თამაში!
და შენზე ფიქრი, ვითომ ღამეს რომ მატეხინებს…
მე და შენს შორის უფსკრულების არის ლამანში…
ჯოჯოხეთია, გზააბნეულ ორი სულისთვის…
და ამ ორიდან გადარჩება მხოლოდ ერთ-ერთი!
და ერთადერთმა ღმერთმა იცის, ალბათ – რომელი…
ნუ დაიბედებ ჩემს სიყვარულს! მე ვარ დემონი…
მე ვარ სატანა… ვოლანდი ვარ და ბელზებელი…
ლუციფერი ვარ… ქვესკნელების ვარ ჰეგემონი
და სივრცეებში მიმოფანტულ ქართა მპყრობელი…
პლანეტები ვარ გადამწვარი… მათი მზეები…
და გალაქტიკებს დემონიურ ფეხებს ვაბიჯებ…
ნუ დაიჩემებ ჩემს სიყვარულს, ქრისტეს გაფიცებ, –
იქნებ როგორმე გადამირჩე – ღმერთის გულისთვის!
დღეს ბედობაა… დაიბედენ ჩემზე არფიქრი!
ანგელოზები დაიბედე… სამოთხეები…

____________________________________________________________________________________

ზამთარი # 32

ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია –
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო.
შენი არგუმენტი
ტყვიაგამტარია
დღეს,
როგორც არასდროს,
სუსტი და ბეჩავი,
რომ რადგან აქამდე,
როგორღაც მოხვედი
და რადგან…
(არც ღირდეს,
ვინ ისიც, ოცნებად!)
ჯერ კიდევ სადა ხარ?!
იმდენჯერ მოგხვდება
ცხოვრება ტუჩებში,
თვითონ გაოცდები…
გინდა ამოშალო
სული სხეულიდან,
როგორც მიცემული
თითქმის დავიწყებას,
“ისე რა” ლექსები
ძველი რვეულიდან,
სანამ გაზაფხულდა,
სანამ დაიწყება
ისევ იმედები,
ოცნების გორები,
ტკივილის მთები,
და ტანჯვის ტიანშანი…
მიდი, ამოშალე
და თვალგასწორებით
სული, ნაზამთრალი,
ზეცას მიაშავე!
ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია, –
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო…

____________________________________________________________________________________

მარტივი მოტივი

მირტებს ვუმარტოვებ მანტოს და მანტიას –
დაე ბედის ხაზებს პასუხი გაეცეთ!
ყველაზე მარტივი მოტივი მარტია,
თებერვლის ამარტ-არტს სადმე რომ გაექცე.

და მერე მარტიდან, წვიმების სეზონის
გარდაუვალობით გაწამებს ანანკე.
და არის აპრილი, უდაოდ, რეზონი
და მერე მაისი და მერე… მანამ კი:

ოთახში სიბნელე. სიბნელის ოთახში –
საგანთა ქაოსი. ქაოტურ საგნებში –
ყოვლად უსარგებლო ნივთების ზარდახშა.
ნაცნობი ანფასი, დაორთქლილ სარკეში.

კედელზე ნახატი – მილანი, ლა სკალა.
ფანჯრებზე არეკვლა, გერბერთა პროფილის.
და ღამის ზეწოლა – ცხრა გიგაპასკალი.
და მთვარე – სიგიჟის პერპეტუუმ მობილე.

უძილო თვალებში სამყაროს სიმრუდე.
და ერთფეროვანი დღეების რიგები
ქრებიან ერთბაშად, ასტრალურ ბერმუდში.
და ისევ თავიდან და ისევ იგივე…

და მერე მარტიდან, წვიმების სეზონის
გარდაუვალობით გაწამებს ანანკე.
და არის აპრილი, უდაოდ რეზონი
და მერე მაისი და მერე… მანამ კი:

მირტებს ვუმარტოვებ მანტოს და მანტიას –
დაე ბედის ხაზებს პასუხი გაეცეთ!
ყველაზე მარტივი მოტივი მარტია,
თებერვლის ამარტ-არტს სადმე რომ გაექცე.

____________________________________________________________________________________

სიყვარულის კამიკაძე

ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი –
რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული.
არრა მაბადია გარდა ლექსების და
გარდა სიამაყის – რაღაც უჩვეულო.

ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით –
ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები…
შენი ფანჯრებიდან ისმის “ამაპოლა”,
გვერდი ავუარო – გულიც გამისკდება!

მინდა შემოგძახო, მაგრამ რანაირი
განცდა მეუფლება: მტრული გაციებით,
ისე გამიცივდი… ადრე სხვანაირად
იყო – გიხაროდი მეტად, გაცილებით.

და მეც გილოცავდი, შენთვის მოგონილებს,
დღეებს – სასწაულებს, ისე უცნაურად…
ახლა შენს სარკმელთან ვდგავარ უქონელი,
როგორც შემოდგომის ბოლო აზნაური.

აღარც სიგელი მაქვს, აღარც ჰერალდიკა –
წყალსაც წაუღია! ახლა მთავარია,
კეთილ მეყვავილეს ერთობ ეგზოტიკურ,
ლექსში გავუცვალო ივან და მარია.

ღია ფანჯარაში გესვრი ყოჩივარდებს,
მინდვრის ყვავილებით დაგხვრეტ… გამექეცი!
ბედთან უიმედო ჯანყის ყოჩი ვარ და
შენი სიყვარულის მქვია კამიკაძე.

____________________________________________________________________________________

არაფერი თქვა

კანაფის კვამლში გახვეული
პლანეტა, ბებერ ეფენდივით,
თვლემს.
დრო გაფუჭდა – ჩაიხვია.
მიზიდულობას ეფედრინით
ვებრძვი და კედლის კალენდრებზე –
მაისის ზერო…
მირაჟული
დღეები ჰგვანან პალინდრომებს –
წასვლა, წამოსვლა, ვირაჟები.
მთვარე გავტეხე – ნახევარი
აბი LSD 25-ის,
ენის ქვეშ – იყო ახირება…
არაფერი თქვა, ჩამეხუტე!
შეშლამდე ისე ცოტა კმარა,
რომ სულში სისხლი ჩამედინა:
შენი სხეული ცოდვა არი,
რომელიც უნდა ჩავიდინო!
ვინ იცის, იქნებ აღასპერზე
შვიდიათასჯერ ცოდვილიც ვარ?!
გაჩუმდი, არ თქვა არაფერი,
დაწექი…
მკერდზე ბოდელიერს
გადაგათარგმნი ფრანგულიდან
და ბოროტების ყვავილები,
მზეს დამტვერავენ რეგოლიტით –
შეციებული კამელია,
მკლავს დააკვდება ოლიანდრის
სამოთხის ბაღში…
ალბათ მერე,
გასწორდებიან კალენდრებიც,
ხოლო მანამ კი – მაისის ზერო…
არაფერი თქვა, მომეფერე!
კანაფის ნისლში გახვეული
პლანეტა, ბებერ ეფენდივით,
თვლემს.
დრო გაფუჭდა – ჩაიხვია.

____________________________________________________________________________________

ფანტასმაგორია

(თამო ჩხეიძეს)

შენი ოცნება დუბლინია,
თამ,
ჩემი – უფრო სასაცილო!
გარეთ ღამეა,
დუმილია,
სიცარიელე…
აზაზელი…
გკითხულობ:
“…იცი? ირლანდია,
რამდენი წვეთი დავითვალე…”
მთვარეა,
ცაა,
გირლანდები…
ფეიერვერკი…
ბარბიტალი,
თვითმკვლელის დოზით –
სიგიჟეა!
შეშლა, პოზაა გროტესკული…
მგონი სიკვდილი მივიჩვიე,
მგონი სიცოცხლე პროტესტია,
თამ…
და ოცნება დუბლინია…
თბილისი – უფრო სასაცილო!
გარეთ ღამეა,
დუმილია,
სიცარიელე…
აზაზელი…

____________________________________________________________________________________

* * * “მთვარე – ძაღლიშვილი”

მთვარე – ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ – პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ – გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით…
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ – ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს…
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ქალაქს გადავხედე – თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს…
მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე – ბევრი არაფერი…

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია –
ფიქრიც მიძნელდება… იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით.

____________________________________________________________________________________

+ + + “მე პოეზიას ჰელიკონზე…”

მე პოეზიას ჰელიკონზე ქრისტედ ვეწამე!
და ჩემს მძიმე ჯვარს გოლგოთაზეც ბევრჯერ ავიტან!
გარდავიცვლები და აღვსდგები, ღამეს მესამეს,
ყოველთვის, როცა წამიკითხავ ლექსად თავიდან.

მე ვთქვი, რომ ღმერთი პოეტია და მიმცეს კოცონს.
ვთქვი, რომ ამინ! და… მიმაჭედეს ძელზე მაჯებით.
ვთქვი რომ ლექსები ლოცვებივით მხიბლავს და მომწონს,
და შემომიჩნდნენ დემონებით და ალქაჯებით…

– პირველად იყო პოეზია! – ვთქვი… დანა დამცეს
და თუ სიკვდილში გამოსავალს ხედავს მავანი,
ვჩუქნი სიცოცხლეს – ალალ იყოს! ვჩუქნი ამ სტანსებს,
ფეშქაშ სხეულიც, მას, ჩემგან და სულიც – თავანი!

მე პოეზიას ჰელიკონზე ქრისტედ ვეწამე!
და ჩემს წილხვედრ ჯვარს გოლგოთაზეც ბევრჯერ ავიტან…

2 responses to “გიო საჯაია| პოეზია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s