პოეზია (ჩემი)

ჰო მეგობარო….

ჰო მეგობარო, მივდიოდით ორნი
მიმოფანტულ გვამებს ვაბიჯებდით
მე ვკანკალებდი, შენ – იდექი
კაკაოსფერი ღამე იყო,
ჰო, მეგობარო, ომი…
შენ მითხარი რომ გციოდა.
მთელი გზა ბუტბუტებდი რაღაცას
(ახლაღა ვხვდები რომ ეს იყო იმ გვამებივით
გაფანტული ლოცვა გადარჩენისთვის)
მაშინ პირველად ვიფიქრეთ რომ ჩვენ
შეიძლებლებოდა ვწოლილიყავით
ამ გვამების გვერდით და მერე
ვიღაც ფრანგი არჩადენილ გმირობას
დაგვაბრალებდა…
ღამეც–მშიერი. ხალხის არ იყოს.
გათენება შემოეჭამა…
ლამპიონის ქვეშ ვიჯექით ორნი,
შენ დააცემინე,
მე სიცოცხლე გისურვე,
რასაც მოჰყვა შენი ღიმილი.
ჰო მეგობარო…
მაშინ შენ მოკვდი.
მე კი ყურებზე ავიფარე ხელები
და მერე ვიღაც ფრანგმა
დაწერა შენს გმირობაზე,
რომ მეგობრის ნაცვლად
შენს ტანს შეეყინა ნასროლი ტყვია.
ზაფხულის ღამეს.
შენი გათენებაშემოლეწილი სხეული კი
ჩემი არსებობის სანაპიროზე დავკრძალე.
ხარ დღემდე ახლოს.

___________________________

ღამემშვიდობა

ღამე მშვიდობისა-ს რომ მისურვებ აღიარე, მეორეს ფიქრობ.
კარგად იცი რომ არ არსებობს მშვიდი ღამე,
განსაკუთრებით-მშვიდობის.
ჩვენთვის-მითუმეტეს.
ყოველი ღამე ფანჯრიდან გაგვათრევს ხოლმე
მსუბუქად განათებულ ქალაქში და
როგორ არ გვისწორდება, როგორ არ ცდილობს ჩვენს დამარცხებას.
სად არ გვანარცხებს…
მხოლოდ ერთადერთს ვნატრობთ: დილამდე მიგვაღწევინა!
განა არ იცი რომ არ არსებობს მშვიდობის ღამე?
განა ღამით არ მოიკლა დედაშენმა თავი?
განა ღამე არ იყო შენმა პატარა ძმამ რომ გაიღვიძა
და ჩუმად გითხრა “იცი? წუხელ ბავშვებს ისე მოგვშივდა, ბეღურა ვჭამეთ”
და შენ იტირე. შენ გრცხვენოდა მაგრამ ტიროდი.
როგორც შენი ძმა ტიროდა ხოლმე როცა სციოდა.
ტიროდი და სახეზე ხელებს იფარებდი.
ღამე არ იყო? იმ ღამიდან ერთი წლის თავზე
შენც რომ შეჭამე შიმშილით ჩიტი?
და მერე არ გიტირია აღარც ერთხელ,
აღარც ერთ ღამეს შენ იმის მერე არ გიტირია…
ღამე არ იყო?
პირველად რომ უფალს შესჩივლე, რატომ მოკვდიო.
(მერე ინანე)
ღამე არ იყო?
ერთმანეთს რომ შეგვახვედრა და მის მერე გვტკივა….
შენ ყოველთვის მისურვებ მშვიდობის ღამეს,
თუმცა იცი, ერთ ღამესაც ვერ გადავურჩებით!

___________________________

შიშები

მეშინია რომ მალე წამგლეჯენ შენს თავს ლაჩრები!
იცი, რომ სისხლზე მეტი ხარ ჩემში,
დგას ამ ღამეში ჩემი ცხოვრება
და უფრიალებს დამწვარი კაშნე.
უკვე მოგვიწევს დაჯერება: გახმა ნატვრის ხე,
აღარც ოცნებებს უწერიათ ალბათ დიდი დღე.
მეჩვენება რომ არ გადარდებს არც ეს სრულებით.
არც ის, რომ მალე წამგლეჯენ შენს თავს ეს ნაბიჭვრები!
ანდა ვერც ამჩნევ (შენ ხომ ასე გიყვარს ისინი)
სულის ღრმულები ამომევსო, ამომექოლა
იმაზე ფიქრით რა მოხდება როცა შენ მკვდარი,
ანდა უბრალოდ (მხოლოდ ჩემთვის) აღარ იქნები.
შეხე! მართმევენ შენს თავს ვიღაც გაიძვერები!
გთხოვ შემაშველე ისევ ხელი დაჭრილს, ნაომარს.
აქ შენ ხარ მხოლოდ (იმის იქით სიცარიელე)
ხო, შენზე დიდი სიცარიელე წარმოიდგინე,
წარმოიდგინე ერთი წამით უშენო მე და
წარმოიდგინე ერთი წუთით ჩემი შიშები
როცა სიბნელეს (ოთახებში ანდა ბაღებში)
არავინ აღარ გამინათებს. შეხედე ერთი,
როგორ მართმევენ შენს თავს ვიღაც ლაწირაკები!
გთხოვ, გამომხედე ჩემო ერთო, გთხოვ , გამომხედე!

________________________

დუმილი
ი.ბ–ს

მიჭირს რომ ასე მალე ჩუმდები….
მიჭირს გხედავდე ფერმკრთალს, უძინარს…
ვიცი , შენამდე მე ვერ მოვაღწევ…შორსა ხარ ძლიერ.
მაინც მიჭირავს შენი თეთრი ხელი (გითბობ) და მაღალს,
როგორც ღამის ცას , ვერ ვამჩნევთ ცაცხვებს,
სისხლის სურნელით…
და ვნატრობთ, მეტი იქნებ გვეღირსოს.
ვიდრე ყვითელი ფოთლების ღეჭვა…
ვერ გადავრჩებით–შენც კარგად იცი.
ვეღარსად გავიქცევით აწი…
ვერ გავექცევით ვერც პოეზიას, ვერც სამშობლოს,
ვერც სიყვარულს, ვერც პირის ამოკერვას…
და ვერც…ვერც ღმერთს…
ვერ გავექცევით…
ჰოდა ვღეჭოთ ჩვენ–ჩვენი ტკივილები
ვღეჭოთ ბანალური ფრაზები (ვინღა დაგვიშლის
როცა არავინ აღარ დაგვრჩა ყურის დამგდები)
და მაინც…ყოველ დილით შენ დგები და სუნთქავ მზეს.
ტოტებს შორის ატარებ და მე მაწვდი…
და მე მიჭირავს შენი დაფლეთილი ტოტები (ვათბობ)
ჩვენ ვდგავართ ახლაც , როგორც ცაცხვები
სისხლის, ტკივილის, ერთმანეთის სურნელით…
და ვიცით, ვერსად გავექცევით ხანძარს…
ცეცხლი კი უკვე ისე ახლოა..
ჩვენ კი ვდგავართ ახალგაზრდა ცაცხვები
(რას ვიზამთ) არ ძალგვიძს გადარჩენა….
და ასე მალე ვჩუმდებით…

______________________________

სუნთქვა ტაძარში…

                           აღდგომის ღამე

ჩასუნთქვა:შენზე ვიფიქრე ღმერთო,
პირიქით: მივხვდი როგორ მჭირდები,
სულია ისე ჩამოთოვს ერთ დროს,
დაიფარება მწვანე ჭაობი.
ერთ დროს ყველაზე მოდური ხოჭო,
დავრჩები მალე თოვლის ამარა,
მერე მიწაში ორმოებს გავჭრით,
ჩვენი თავისთვის, ვიწრო სამარეს.
ჩასუნთქვა: მსხვერპლი მგონია თავი
და მინდა ტანში სისხლი გაცივდეს
და მერე ლოცვის სურვილს აღვიძებს,
დედის თვალებზე მომდგარი სხივი.

წვიმაა უცხოგრძნობანარევი,
ტაძართან დგას და სასწაულს უცდის,
ქალი რომელი გააიაფეს,
და ტუჩებიდან ამოსდის ლოცვა,
და ათასების ასე ბუტბუტში
თენდება, მე კი ვსუნთქავ და როცა,
პასუხს არავინ არ მცემს საერთოდ,
დაზეპირებულ ტექსტით ვამთავრებ:
„უფალო შეგვიწყალენ“
ღმერთი იღიმის….

______________________________

 

ხილი. შენკენ.

6:00-ვხვდები გათენებამდე რაღაც უნდა მოვასწრო…
წვიმს…
უფრო სწორედ ცრის…
ძალიან ფრთხილად ცრის, ფეხაკრეფით…
სიზმრებით გაჟღენთილი საწოლიც თითქოს ვეღარ მიტევს
და საოცრად მინდება დავპატარავდე….
ვიქნები ძალიან პატარა და მსუბუქი, რომ ზურგის ქარმა კი არა,
სუსტმა ნიავმაც ადვილად მარწიოს თავის ნებაზე…
ვიქნები ისეთი პატარა რომ შეიძლება ვერც შენიშნო
წვიმიან დილას,
ლურჯ დილას როგორ გადავირბენ ტროტუარს,
სადაც ჯერ მხოლოდ ორი–სამი ტაქსი თუ დაღოღავს…
მე კი სასწრაფოდ გადავკვეთავ ქუჩას
და გამოცარიელებული იტალიური ეზოს გავლით
დავადგები შენი სახლის გზას…
მანამ ცა ლურჯია (რაც მეტყველებს რიჟრაჟზე)
უნდა მოვასწრო…
თან შენთან მომაქვს ხილი და ცოტაოდენი ღმერთი…
და მალე ვიღლები (ღმერთმა ეს რახანია შენიშნა)
მოვდივარ, რათა გავიზეპირო შენი მიხვრა-მოხვრა,
როგორც მესამე კლასში, მშობლიურ ლიტერატურაში
საკონტროლო ტექსტებს ვიზეპირებდი,
აბზაც-აბზაც, წერტილ-მძიმით…
უნდა ვიჩქარო…
მანამ ინათებს თეთრად,
რადგან დღის შუქზე ღმერთი ფერმკრთალი ხდება,
უხილავი…

_______________________

ვისუსებით…

დადგა ზამთარი. დადგა, როგორც ჯიუტი ბავშვი,
სიცივეც უკვე ხერხემალში მიიზლაზნება,
ნათმენი თოვლიც ზეცას წასკდა და ნელა ბარდნის,
ჰო, მალე ჩვენი არსებობა მიიმალება

შიშისგან ყველა კედლის უკან და ყველა ჩიხში,
სადაც კი ნახავს მშრალ, უსისხლო მიწას, ნიადაგს,
თავს ვერ დავაღწევთ საფლავებს და ვიცინებთ სიმწრით
ჩვენ ცოტახნით და ვისუსებით… როგორ მიაკვდა

შარშანდელ ზამთარს მეგობარი ვიგონებთ რადგან
ისევ ისე თოვს როგორც მაშინ, როგორც იმ ღამეს ,
როცა ჩვენ ყველას ჩაგვისახლდა ფილტვებში მახრა.
ვიცით, სულ მალე შემოაფლეთს ქარი იალქნებს

ჩვენს მშვიდ ცხოვრებას, გამრავლდება სისხლჩაქცევები
ჩვენს სხეულებზე სულით ახლა ტკივილის გორა
დაგვაქვს (რას ვიზამთ) ვიცით, ღმერთო , სწორად ვიქცევით
როცა არ ვუშვერთ ერთხელ გამრტყმელს მეორე ლოყას

როცა გვჯეროდა შენი მაშინ სამჯერ და ათჯერ, ასჯერ
გაგვარტყეს, დაგვაჩოქეს , მოგვკვეთეს ფრთები.
ღიად დარჩენის ჭრილობებში გვადნება თოვლი, ასე
ვართ დიდხანს. ჩვენი ნებით, ჩვენითვე ვხტებით

ჩვენივე მრავალსართულიან არსებობიდან.

ისე თოვს ახლა, როგორც მაშინ, როგორც იმ ღამეს…

_______________________________

ლტოლვილის დღიურიდან

ღმერთს ვუმადლოდეთ რომ გადავრჩით თუნდ ცოცხალმკვდრები.
შენი სამშობლო მეტაფორად დაშალეს მაშინ,
როდესაც მიწას საფლავები შემოეფანტნენ,
როდესაც ზეცაც შემოიჭრა ჩარაზულ სახლში,
და ფანტაზია როგორც პრინცი, როგორც ინფანტა
ლაფში გასვარეს და მოგვექცა უბრალოდ მხარი
ცხოვრების, თითქოს პრიმატივით ვეტრფოდით ბანანს,
სისხლგადასხმულებს შევუერთდით ყოველი არხით.
ყველამ ვიმღერეთ სასაცილოდ ის იავნანა,

დედააზრით რომ გვაბრუნებდა. ჰო „მალე მოვალთ“
გვახსოვს ეს იყო იმ სიმღერის მთავარი ფრაზა.
სწორედ ამიტომ დღეს წარსული ისე ვით მოლა
თავზე დაგვყვირის, რაღას ვიზამთ ცხოვრების ფაზებს

გამოვიცვლით და ვუმადლოდეთ უბრალოდ უფალს
ცოცხლადმკვდრები რომ გადავრჩით მაინც. . .

4 responses to “პოეზია (ჩემი)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s